სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი

 

სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტის   რეფლექსია

 

 

2022-2023 წლის 6 მაისს ხელოვნების მასწავლებელ გიორგი ესართიასთან ერთად დავგეგმე სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი ძველ თბილისის შემოგარენსა და მთაწმინდის პანთეონში (ანტიკურ-არქეოლოგიური მუზეუმი „წეროანი“, აბანოთუბანი, მეტეხი, მთაწმინდის პანთეონი)

ორივე მასწავლებლისთვის კარგად იყო ცნობილი, რომ გასვლითი ღონისძიებები მოსწავლეებს დიდ საგანმანათლებლო გამოცდილებას სძენს. რაოდენ აქტიური, მოსწავლეზე ორიენტირებული, მრავალფეროვანი გარემოც უნდა იყოს საკლასო ოთახში, ფორმალურ გარემოში შეძენილი ცოდნა და  განვითარებული უნარები მაინც არ არის საკმარისი, მაინც ლიმიტირებულია. ბუნებრივი ძეგლისა თუ მუზეუმის მონახულებამ მოსწავლეს  შეიძლება უფრო მეტი ცოდნა შესძინოს, ვიდრე მთელი წლის განმავლობაში გავლილმა სახელმძღვანელოებმა. იგივე შეიძლება ითქვას ისტორიასა და ისტორიულ ობიექტებზე, სახვით და გამოყენებით ხელოვნებასა და გამოფენებზე, ქიმიასა და საწარმოზე, ბიოლოგიასა და მცენარეული საფარით მდიდარ (ან თუნდაც ღარიბ) ობიექტებზე, ქართულ ენასა და ლიტერატურასა და მწერალთა სახლ-მუზეუმებზ. ამ დროს მოსწავლეები გართობისა და დასვენების დროს გაუცნობიერებლად იძენენ ახალ ცოდნას, განივითარებენ უნარ-ჩვევებს, გამოიმუშავებენ გარემოსადმი სწორ დამოკიდებულებას. თუმცა, ყოველივე ეს ვერ მოხერხდება, თუ ჩვენ, როგორც  მასწავლებლებმა,  სწორად არ ჩამოვაყალიბეთ ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების მიზანი.

მიზნის გაწერამდე ორივე მასწავლებელმა კარგად ვიცოდით რომ  სხვადასხვა სასწავლო დისციპლინების ინტეგრირება  ერთ-ერთი საუკეთესო სტრატეგიაა სწავლის ხელშესაწყობად. სწორედ ამიტომ სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტის  მიზანიც ერთად გავწერეთ.

სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტის  მიზანი: მოსწავლეები გაეცნონ, დაათვალიერონ და ნაწილობრივ შეისწავლონ ანტიკურ   არქეოლოგიურ მუზეუმ „წეროანში“განთავსებული მდიდარი მასალა. გაეცნონ ეთნოგრაფიულ საკითხებს, ხელოვნების ნიმუშებს.   შეისწავლონ და ამავე დროს გაიხსენონ ნასწავლი ხუროთმოძღვრების ძეგლებისა და მათი არქიტექტურული სტილის,  ისტორიული პიროვნებების, მწერლების ბიოგრაფიები.

ექსკურსია, როგორც სასწავლო მეთოდი, ხელს უწყობს ეროვნული სასწავლო გეგმის  პრინციპს:

სწავლა-სწავლება ხელს უწყობდეს ცოდნათა ურთიერთდაკავშირებასა და ორგანიზებას (მოსწავლე ერთმანეთთან აკავშირებს სკოლაში და სკოლის გარეთ შეძენილ ცოდნას);

მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს – მასწავლებელმა იცის, თუ როგორ სწავლობს მოსწავლე სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებით და აცნობიერებს მათ მნიშვნელობას მოსწავლის ხელშესაწყობად.

მასწავლებელი აცნობიერებს პასუხისმგებლობას თითოეული მოსწავლის პიროვნულ და სოციალურ განვითარებაზე ( სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტის დროს მოსწავლეებს უვითარდებათ პიროვნული თვისებები, ზრუნავენ ერთმანეთზე, სხვადასხვა პიროვნებებთან ურთიერთობებით უვითარდებათ სოციალური უნარები).

სასწავლო-შემეცნებით ვიზიტამდე: გავაცანი მოსწავლეებს ვიზიტის მიზანი. ვთხოვე, წინასწარ მოეძიებინათ მასალა  ობიექტების შესახებ, სადაც ვაპირებდით სტუმრობას. ვინაიდან ექსკურსია გულისხმობს ხანგრძლივ სიარულს, საჭიროდ ჩავთვალე, მოსწავლეებისთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია  წინასწარ განესაზღვრათ აუცილებელი ნივთების ნუსხა, მათი საჭიროებიდან გამომდინარე.ისიც ვუთხარი, რომ სასწავლო-შემეცნებით ვიზიტის ფარგლბში  განხორციელდებოდა სხვადასხვა აქტივობა და  მიიღებდნენ დავალებას, რომელიც ვიზიტის შემდეგ ექნებოდათ ერთმანეთისთვის გასაზიარებელი.

სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი დავიწყეთ ძველ თბილისის შემოგარენიდან  და ვესტუმრეთ ანტიკურ-არქეოლოგიურ მუზეუმ „წეროანს“, მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმი და მოისმინეს საინტერესო ისტორია. მათ წინასწარ ჰქონდათ მოძიებული და დახარისხებული ინფორმაცია 1998 წელს დაწყებული გათხრების შესახებ , რომელიც ორმოც სებასტიელ მოწამეთა ნაეკლესიარზე დაიწყო და ჰქონდათ მნიშვნელოვასნი ინფორმაციაც  ანტიკურ-არქეოლოგიური მუზეუმის შესახებაც.

შემდეგ ვესტუმრეთ აბანოთუბანს. წინასწარ დაგეგმილი აქტივობიდან გამომდინარე ჩვენ უკვე გვქონდა  წინასწარ ამობეჭდილი და გამზადებული ძველი თბილისის რუკა. ხელოვნების მასწავლებელმა მოსწავლეებს სთხოვა ამოეცნოთ ძველი თბილისის თითოეული პუმქტი. მოსწავლეები ხალისით ასრულებდნენ ამ აქტივობას. მათმა ჟრიამულმა მიიპყრო ტურისტების ყურადღება, რაც ერთვარი მოტივატორი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის, უფრო მეტად დაკვირვებოდნენ რუკას და ამოეცნოთ, რაც შეიძლება მეტი პუმქტი.

მოსწავლეებმა მოისმინეს ინფორმაცია ძველი თბილისის აბანოების შესახებ. ჩემი მონათხრობი და მათ მიერ წინასწარ მოძიებული ინფორმაცია მოსწავლეებს არასდროს დაავიწყდებათ, რადგან ვიზუალურად ნანახი უკეთესად აღიქვეს.

შემდეგი ვიზიტი იყო   მეტეხი — ისტორიული უბანი მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე. აქ უკვე მოსწავლეებმა შეარულეს გიდის როლი, გაიხსენეს ნასწავლი და წაკითხული მასალა. მე და გიორგი ესართიამ  შევავსეთ მათი ინფორმაცია და ვესაუბრეთ მეტეხის ტაძატზე, როგორც ხელოვნების ნიმუშსა და არქიტექტურულ ძეგსა და  იმის შესახებ, რომ ეკლესია იხსენიება თამარ მეფის დროს. თამარის ისტორიკოსი ბასილი ეზოსმოძღვარი მოგვითხრობს, რომ შამქორის ბრძოლის დროს, ჯარის გასტუმრების შემდეგ, თამარმა „წარიხადნა სამოსელნი ფერხთანი და ფერხივ შიშულითა ფერხითა მიიწია ტაძარსა ღმრთისამშობლისასა მეტეხთა და წინაშე ხატსა მას წმიდასა მდებარე არა დასცხრებოდა ცრემლითა ვედრებად, ვიდრემდის სრულყო ღმერთმან სათხოველი მისი.“ მოსწავლეები ინტერესით გვისმენდნენ და ერთვებოდნენ კითხვა-პასუხის რეჟიმში.

მთაწმინდაზე ვიზიტიდ დროს კი მთელი პასუხისმგებლობა მოსწავლეებმა აიღეს და ისაუბრეს იქ დაკრძალული ისტორიული პიროვნებებისა და მწერლების ბიოგრაფიებზე.

მოსწავლეებს მიეცათ დავალება, რომელიც ადგილზევე უნდა შეესრულებინათ. ფურცელზე აღებეჭდათ ნანახი და განცდილი. ეს დავალება შეეძლოთ, ნახატის სახითაც შეესრულებინათ.  მათ საკმარის დრომივეცი,  რათა ყველას მოესწრო  სამუშაოს შესრულება. ყურადღებას ვაქცევდი,  რომ მოსწავლეებმა ერთმანეთისთვის ხელი არ შეეშალათ. ავუხსენი  მოსწავლეებს, რომ მათი ნაწერი შესაფასებლად გადაეცემა მეწყვილეს. ვიზიტის ბოლოს, ავტობუსში, ნაწერს წარუდგენენ გვერდით მჯდომ თანაკლასელს და საჭიროების შემთხვევაში უპასუხებენ მათ მიერ დასმულ დასაზუსტებელ შეკითხვებს. აქტივობა საინტერესოთა და ხალისით წარიმართა.

სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტის შემდეგ: სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტის დასრულების შემდეგ მოსწავლეებთან ერთად განვიხილე  მისი შედეგები – რა ნახეს ან მოისმინეს, რამდენად გასაგები და საინტერესო იყო ინფორმაცია; შესაძლოა, დაიგეგმოს შემდგომი ვიზიტებიც.

ამრიგად, ჩვენ შევეცადეთ, ვიზიტისთვის უფრო მეტი ფუნქცია მიგვენიჭებინა და განგვეხილა ის როგორც კარგად დაგეგმილი სასწავლო ღონისძიება, რომელსაც უბრალოდ გასართობ-სალაღობო დატვირთვა აღარ აქვს.

ვიზიტის ამსახველო ფოტო მასალა



                                                                               
                                                                              
0














































 

 

 

Комментарии